ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XII სემესტრის სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური როტაციების გასავლელად იმყოფებოდნენ.
2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტის ბოლომდე აშშ-ში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, კლინიკური როტაციები ემორის საუნივერსიტეტო კლინიკებში წარმატებით გაიარეს სოფიო გოგიამ, ნიკოლოზ ქარაზანაშვილმა, ნიკა თავბერიძემ, დანიელ ფოსტერმა, თეონა ფირცხალავამ და თამარ პაპიძემ.
სოფიო გოგია: „ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ორი კლინიკური როტაციის გასავლელად 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2020 წლის 7 მარტის ჩათვლით ვიმყოფებოდი. ნეფროლოგიის კლერკშიფის გავლისას, როგორც სტუდენტი, ვმუშაობდი პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდათ ელექტროლიტური დარღვევები, თირკმლის მძიმე დაზიანებება, ქრონიკული თირკმლის დაავადება, გლომერულოპათია და სხვა. ჩართული ვიყავი ნეფროლოგიური პათოლოგიების მქონე სტაციონარული პაციენტების მოვლაში. შესაძლებლობა მქონდა, ცოდნა გამეღრმავებინა დიალიზის სხვადასხვა ტიპის შესახებ: ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის კარდიოლოგიური რესინქრონიზაციის თერაპიული მიდგომები.მეორე კლერკშიფი ჰემატოლოგიაში გავიარე. გახლდით თანდაყოლილი ჰემატოლოგიური პრობლემების სამკურნალო გუნდის წევრი. გარდა კლინიკაში მუშაობისა, ვესწრებოდი ყოველკვირეულ კონფერენციებს, სადაც აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კლინიკებიდან მოწვეული მომხსენებლები თანდაყოლილი სისხლის პათოლოგიებსა და და სხვადასხვა ონკოჰემატოლოგიურ საკითხებს განიხილავდნენ. სიამყით მინდა გაგიზიაროთ, რომ თანდაყოლილი ჰემატოლოგიური პრობლემის ბოლო კონფერენციაზე წარვადგინე ჩემი ერთ-ერთი პაციენტის საინტერესო შემთხვევა და განვიხილეთ ის ჰემატოლოგიური პათოლოგიის კუთხით”.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასწრება და მონაწილეობა დეპარტამენტის, კლინიკისა თუ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ყოველკვირეულ კონფერენციებსა და სხვადასხვა აქტივობებში ემორის მედიცინის პროგრამის კლინიკური კლერკშიფების ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
ორი თვის განმავლობაში, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 8 მარტის ჩათვლით, ემორის მედიცინის სკოლაში იმყოფებოდა ნიკოლოზ ქარაზანაშვილი. მან კლინიკური როტაცია ზოგად ნევროლოგიაში მიდთაუნის ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, ხოლო ინტენსიური ნევროლოგიის კლერკშიფი - გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი ზედამხედველ ექიმთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან ერთად ნახულობდა პაციენტებს და მკურნალობის გეგმებს წარადგენდა. გარდა ამისა, ემორის მედიცინის სკოლის რეზიდენტებთან ერთად ესწრებოდა ლექციებს, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა სხვადასხვა სფეროს ექიმებს, რეზიდენტებთან შეხვედრების განმავლობაში კი განიხილავდა ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს.
ნიკოლოზ ქარაზანაშვილი: „მივიღე გამოცდილება ამბულატორიულ მედიცინაშიც. კლინიკური სწავლების დროს ექიმებს ვეხმარებოდი სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაში, მათ შორის, თავ-ზურგტვინის სითხის ასაღებად ინექციის გაკეთებაში. ასევე, რამდენჯერმე დავესწარი თრომბექტომიის პროცედურას და გავიღრმავე ცოდნა პროცედურების შერჩევის კრიტერიუმების, პროცედურის დადებითი მხარეებისა და შესაძლო გართულებების თვალთაზრისით... მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კლინიკური გამოცდილება ჩემი სამომავლო კარიერისათვის ძალზე ფასეული და წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ვაპირებ პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების გაგრძელებას აშშ-ში. ემორის მედიცინის სკოლაში გატარებულმა დრომ შესაძლებლობა მომცა, მაქსიმალურად გავცნობოდი ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სისტემას, რაც დამეხმარება მომავალში ამ სისტემასთან ადაპტირებაში”.
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე-12 სემესტრის სტუდენტი ნიკა თავბერიძე ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში 2020 წლის 6 იანვრიდან 28 თებერვლამდე იმყოფებოდა. არჩევითი კლერკშიფების აშშ-ში გავლა მისთვის კარგი შესაძლებლობა იყო, მიეღო შესაბამისი ცოდნა სამედიცინო პათოლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებებით - ნიკა მომავალში პათოლოგობას აპირებს. პროგრამის სტუდენტმა დამატებითი გამოცდილება ჯორჯიის შტატში ონკოლოგიის სფეროში სწორედ პათოლოგიასთან ერთად მიიღო, რაც მისთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა.
ნიკა თავბერიძე: „ჩემი მოლოდინი ამერიკული კლერკშიფის მიმართ დაწყებისთანავე სრულად გამართლდა. ვიმუშავე ემორის საუნივერსიტეტო კლინიკასა და გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალის პათოლოგიურ დეპარტამენტებში. კვირაში ორჯერ ვესწრებოდი სპეციალურ ლექციებს პათოლოგიაში ახალი აღმოჩენებისა და საინტერესო შემთხვევების შესახებ. ოთხშაბათობით შემეძლო, დავსწრებოდი სხვადასხვა დეპარტამენტის კონფერენციებს. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ნეიროპათოლოგიის დროს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ტვინის ქსოვილზე მუშაობა. ონკოლოგიის კლერკშიფის დაწყებისთანავე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიგეს რა ჩემი ინტერესის შესახებ კლინიკურ პათოლოგიაში, შემომთავაზეს, მონაწილეობა მიმეღო პაციენტებისთვის ბიოფსიის გაკეთებაში, რის შემდეგაც ოფიციალური შედეგის მომზადებამდე მათთვის უნდა მიმეწოდებინა ჩემეული პირველადი შთაბეჭდილება. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოხარული ვიყავი ასეთი შესაძლებლობით. ონკოლოგიის ოთხი კვირა ჩემთვის გამოწვევა იყო, რადგან ონკოლოგიისა და ჩემთვის საინტერესო პათოლოგიის კლერკშიფებს ერთდროულად გავდიოდი. აღვნიშნავ, რომ ონკოლოგიური პროცედურების წარმატებით განხორციელება არის ურთულესი - ის საჭიროებს სამედიცინო სფეროს სხვადასხვა დეპარტამენტის გუნდურ მუშაობას პაციენტის კეთილდღეობისათვის”.
კიდევ ერთი მიმართულება, რაშიც ნიკა თავბერიძემ ატლანტაში ყოფნის დროს მონაწილეობა მიიღო, პალიატიური მოვლა გახლდათ. ექიმ გრანდთან ერთად იგი ხვდებოდა პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს. ონკოლოგიაში კლინიკური სწავლების პარალელურად, პალიატიური სფეროს ექიმებთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტისთვის დამატებითი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
საოჯახო მედიცინაში კლინიკური როტაცია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში გაიარა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XII სემესტრის კიდევ ერთმა სტუდენტმა, დანიელ ფოსტერმა (31 იანვარიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში). პირველი 2 კვირის განმავლობაში იგი მუშაობდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიდთაუნის საუნივერსიტეტო კლინიკის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტში. 530-საწოლიან კლინიკაში რეზიდენტებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად დანიელ ფოსტერი ყოველდღიურად ზრუნავდა მძიმე სამედიცინო ანამნეზის მქონე თორმეტამდე პაციენტზე. სტუდენტმა კლინიკური სწავლების ბოლო 2 კვირა ემორის უნივერსიტეტის დანვუდის საოჯახო მედიცინის კლინიკაში გაატარა. იგი პირველადი დახმარების ექიმთან და რეზიდენტების ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა კლინიკაში პაციენტების მიღებაში, აგროვებდა სამედიცინო ისტორიას, მუშაობდა დიაგნოზზე და ქმნიდა მკურნალობის გეგმას, რომელსაც შემდგომ ჯგუფის ხელმძღვანელ ექიმთან ერთად განიხილავდა. იგი, ასევე, მონაწილეობდა ბავშვებისა და ზრდასრულების ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებებში.
დანიელ ფოსტერი: „ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ვიზიტმა საშუალება მომცა, ჩემ მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვებული და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გამომეყენებინა პრაქტიკაში სრულყოფილად, მეზრუნა სხვადასხვა კულტურისა და ეთნიკური წარმოშობის ბავშვებისა და ზრდასრულების ჯანმრთელობაზე. საშუალება მქონდა, ბევრი რამ მესწავლა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ექიმებისა და რეზიდენტებისგან, მცოდნე და თავდადებული ადამიანების გუნდისგან, რომელთათვისაც პაციენტზე ზრუნვა და მუდმივი პროფესიული განათლება პრიორიტეტულია”.
აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და კლინიკებში სასწავლო მიზნით სტუდენტების დაშვების აკრძალვამდე კლინიკური სწავლება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ნეფროლოგიის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა თეონა ფირცხალავამ გაიარა.
თეონა ფირცხალავა: „სწავლების მეორე დღიდან მქონდა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მენახა პაციენტი და შემეგროვებინა ინფორმაცია მისი სამედიცინო ისტორიისთვის. მქონდა წვდომა სამედიცინო ჩანაწერების სისტემასთან, რაც საშუალებას მაძლევდა, მენახა ანალიზების პასუხები და შემუშავებული მკურნალობის გეგმა. პაციენტების შემოვლის შემდეგ ვამუშავებდი სამედიცინო ისტორიას, ვაკეთებდი ჩანაწერებს და წარვუდგენდი ჩემს მეთვალყურე ექიმს განსახილველად. მოგეხსენებათ, სამედიცინო ისტორიის წარმოებას, მასში ყოველდღიური ჩანაწერების მომზადებას თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კურსზე - „გახდი ექიმი” - ინტენსიურად გავდივართ. ჩემთვის ძალიან საამაყო იყო, რომ მეთვალყურე ექიმს ძალიან მოსწონდა ჩემ მიერ ამა თუ იმ პაციენტზე შედგენილი სამედიცინო ისტორიები, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, კლინიკური სწავლების დროს ჩემი სამედიცინო სკოლის, თსსუ-ის ძლიერი მხარეები წარმომეჩინა”.
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰოსპიტალში კლინიკური როტაცია დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კიდევ ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა გაიარა. თამარ პაპიძემ გულის უკმარისობის დეპარტამენტში მიიღო უდიდესი გამოცდილება. იგი, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრი-სტუდენტი, მონაწილეობდა სამედიცინო ელექტრონულ სისტემაში სხვადასხვა სახის დავალების შესრულებაში ლაბორატორიული კვლევებისა და სხვა დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზის ჩათვლით. გარდა ამისა, კლინიკური თუ დიდაქტიკური სესიების დროს აქტიურად მონაწილეობდა პაციენტების ელექტროკარდიოგრამისა და გულმკერდის რენტგენოგრამების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის წაკითხვასა და შეფასებაში.
თამარ პაპიძე: „ემორის ჰოსპიტალში ვისწავლე გულის უკმარისობის ამბულატორიული მართვა სტანდარტული და ახალი ფარმაკოლოგიური, ელექტრო და ქირურგიული თერაპიების გამოყენებით; ასევე, სტაციონარული გულის უკმარისობის თანამედროვე მართვის სტრატეგია ინვაზიური ჰემოდინამიკური მონიტორინგის გამოყენებით; ვაზოდილატატორებით და ინოტროპული აგენტებით თერაპია; კანქვეშა მექანიკური ცირკულაციური მხარდაჭერისა და და HM2, HM3 და HVAD მოწყობილობების მქონე პაციენტთა მართვა. კლინიკური სწავლების განმავლობაში შევისწავლე გულ-სისხლძარღვთა დიაგნოსტიკური კვლევები, დატვირთვის ტესტის, გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაციისა და ენდომიოკარდიუმის ბიოფსიის ჩათვლით. ასევე ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევაფასო პაციენტები იმპლანტირებადი დეფიბრილატორებით, იმპლანტირებადი ჰემოდინამიკური მონიტორებით, გულის რესინქრონიზაციის თერაპიით და სხვა. დაბოლოს, ვნახე, თუ როგორ იხილავენ სხვადასხვა ეთიკურ საკითხებს ექიმები პაციენტთან, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის განყოფილებაში. საინტერესო იყო დავკვირვებოდი, როგორ აწვდიან ამერიკელი ექიმები პაციენტებს ინფორმაციას მათი დიაგნოზის შესახებ დეტალურად, უხსნიან, რატომ აღარ მუშაობს დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა ზოგიერთ შემთხვევაში. მთელი ამ სწავლების განმავლობაში ყველაზე რთული აღმოჩნდა, პაციენტს უთხრა, რომ ის ნელ-ნელა კვდება და სხვა არაფერია, რისი გაკეთებაც მედიცინას ძალუძს”.
კლინიკური როტაციის დასასარულს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ამერიკული გამოცდილება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში შემაჯამებელი პრეზენტაციების სახით წარადგინეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტს, რომელსაც სწავლის პროცესში ჩაბარებული აქვს ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი საფეხური, შეუძლია კლინიკური როტაციების გარკვეული ნაწილი გაიაროს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. კლინიკური როტაციების მიზანია, მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მისი ინტერესის სფეროს მიხედვით გაიღრმაოს კლინიკური და აკადემიური ცოდნა.