ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში, ემორის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასასწრებად. ასოციაციამ 2018 წლის ოქროს მედლით დააჯილდოვა კენეტ (კენ) ვოლკერი და ემორის უნივერსიტეტის სამი ექთანი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ებოლათი დაავადებული პაციენტების მკურნალობაში. აღსანიშნავია, რომ ამ პაციენტების მკურნალობა და განკურნება პირველად სწორედ ემორიში და სწორედ ამ ექთნების მიერ გახდა შესაძლებელი. უმაღლესი ჯილდო პროფესორ ვოლკერს ემორის უნივერსიტეტისა და გლობალური ჯანმრთელობის საზოგადოებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისთვის ერგო. საპატიო ჯილდოს პრეტენდენტად კენ ვოლკერი ასოციაციამ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გამოაცხადა. შინაგანი მედიცინის პროფესორი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. კენ ვოლკერმა დიდი გავლენა მოახდინა გლობალური ჯანდაცვის სფეროზე, - ნათქვამია ემორის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღია წერილში. 1 მარტს უმაღლესი ჯილდო კენეტ ვოლკერს უკვე გარდაცვალების შემდეგ გადაეცა.
ემორის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია იყო მიწვეული, მას ახლდა მეუღლე - პროფესორი მარინა მამალაძე, რომელიც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტში OSCE-ს და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის გასაცნობად. ემორის მედიცინის სკოლის დეკანმა ვიკას სუხათმიმ ოქროს მედალი კენეტ ვოლკერის ნაცვლად მის მთავარ პარტნიორს, არჩილ უნდილაშვილს გადასცა. ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. ვწუხვარ ისევე, როგორც თითოეული თქვენგანი, რომ პროფესორმა ვოლკერმა ამ ცერემონიაზე დასწრება ვეღარ შეძლო. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო ექთნებს დამსახურებული ჯილდო და აღიარება. კენი დღეს თქვენით ძალიან ამაყი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თუ ქვეყანას ჰყავს ძლიერი ექთნები და საექთნო სამსახური, ამას მთელი ჯანდაცვის სისტემის განვითარება ძალაუნებურად მოჰყვება. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმით, რაც ემორიმ გააკეთა საქართველოსთვის. კენ ვოლკერის უშუალო ძალისხმევით საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი დიპლომისშემდგომი და უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირება დაიწყო. მან დააარსა საქართველოში საექთნო სასწავლო ცენტრი. მინდა, ამ საპატიო ჯილდოსთვის, კენ უოლკერის, მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას! განსაკუთრებული მადლობა ემორის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ქალბატონ ნენსი სტერკს, სამედიცინო სკოლის დეკანს, პროფესორ ვიკას სუხათმის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელ პირებს, კენის თანამშრომლებსა და მეგობრებს. უღრმესი მადლობა ამ დაფასებისთვის!“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მძიმე დანაკარგი - პროფესორ კენეტ ვოლკერის გარდაცვალება თანაბრად განიცადა ყველამ საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუმრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის საპატიო დოქტორის გამოსამშვიდობებელ საღამოზე შეიკრიბნენ, აშშ-ში, ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქ ვაშინგტონში კენეტ უოლკერს უკანასკნელ გზაზე კოლეგები და ახლობლები მიაცილებდნენ. სამგლოვიარო ცერემონიალზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ წარმოთქვა:
„მადლობელი ვარ ყველაფრისათვის, რაც პროფესორმა ვოლკერმა ჩვენი ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის გააკეთა. მან არა მარტო დიდი ღვაწლი დასდო სამედიცინო განათლების განვითარებას საქართველოში, არამედ თავისი დახვეწილი პიროვნული თვისებებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა ბედნიერება მასთან ახლო ურთიერთობისა. პროფესორი კენეტ ვოლკერი სამაგალითო იყო არა მარტო მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ სულიერებითაც... ამაზე უამრავი ქართველი სტუდენტი, ექიმი და აკადემიური პერსონალი გიამბობთ, ამისი დასტურია მათი გულწრფელი სიყვარული და დიდი ტკივილი ბატონი კენის გარდაცვალების გამო. მარტო დღეს კი არა, მომავალშიც - ქართველი ექიმების დიდი არმია სამუდამოდ მადლიერი იქნება მისი. პროფესორი ვოლკერი სამარადისოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავისი კეთილი ღიმილით“.
თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორთან, არჩილ უნდილაშვილთან ერთად, შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელებთან: მედიცინის სკოლის დეკანთან - ვიკას სუხათმისთან, აღმასრულებელ ასოცირებულ დეკანთან - ბილი ელისთან, ასისტენტ დეკანთან- გორდონ ჩარჩვორდთან, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუს დეკანთან - ტომას ლოლისთან, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის ყოფილ მოადგილესთან კლაუდია ატკინსონთან და ემორის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ პროფესორებთან, ექიმებთან და რეზიდენტებთან.
პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა ვიკას სუხათმიმ ისაუბრეს, ერთი მხრივ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სფეროს სხვა მიმართულებების განვითარებაზე, მათ შორის, ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შესახებ საქართველოში. კერძოდ, 2017 წელს USAID -ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად ემორის უნივერსიტეტმა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ საქართველოს წარმომადგენლობასთან და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ერთად საქართველოში რეაბილიტაციის დარგის განვითარება დაიწყო. პროექტის განხორციელება პროფესორმა კენეტ ვოლკერმა თავის გუნდათან ერთად წარმატებით დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში.
შეგახსნებეთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დიდი ხნის ისტორია და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან. თანამშრომლობა ორ უმაღლეს სამედიცინო სკოლას შორის ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო, როდესაც თსსუ-ს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი კენეტ ვოლკერი პირველად USAID-ის “Georgia to Georgia” -ის პროგრამის ფარგლებში ეწვია. მისი დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში 25 წელზე მეტია, რაც ხორციელდება სტუდენტთა, კლინიკურ რეზიდენტთა, ახალგაზრდა სპეციალისტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები. პროფესორ ვოლკერის ინიციატივით, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან ერთობლივი პროექტის საფუძველზე, შემუშავდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და თსსუ-ში თანამედროვე ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელი დაინერგა.