ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების (USMLE) პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარეს.
პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა - ნოდარ მაისურაძემ, თამარ თამარაშვილმა და ნიკოლოზ ბოსტაშვილმა - USMLE -ის პირველ გამოცდაზე მაღალი ქულები მოიპოვეს. წარმატებული შედეგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აღნიშნულ სტუდენტებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დასრულების შემდეგ, არჩეული სპეციალობით აშშ–ში რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.
ზურაბ ვადაჭკორია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი): ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით და მათი წარმატებით. მათ შეძლეს და ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის პირველი ეტაპი (USMLE Step 1) ჩააბარეს რეკორდულად მცირე დროში. მათ, ასევე, დაამსხვრიეს სტერეოტიპი, რომ შეუძლებელია დამატებითი მომზადების გარეშე, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით ამ გამოცდების ჩაბარება. ვულოცავ საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემას ამ მიღწევას.
ჩვენ გვეამაყება, რომ თსსუ–ში სამედიცინო კადრი მზადდება ემორის (აშშ) სამედიცინო სკოლის მოთხოვნილებათა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. პროგრამის წარმატებით განხორციელების საფუძველია ემორის (აშშ) სამედიცინო სკოლის ადმინისტრაციისა და პროფესურის აქტიური მონაწილეობა და მუდმივმა თანადგომა, თსსუ–ის პერსონალისა და ემორის სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამები, თსსუ–ის მაღალპროფესიული აკადემიური პერსონალი, რომელთაც უცხოელ სტუდენტთათვის ინგლისურ ენაზე მედიცინის სწავლების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.
კენეტ ვოლკერი (ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე):
„ჩვენმა სტუდენტებმა USMLE – ის პირველი გამოცდის ჩაბარებით და მაჩვენებლით დაამტკიცეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა შესანიშნავად ამზადებს სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის წარმოუდგენელი შედეგების მისაღწევად“.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო გეგმა შემუშავებულია და ხორციელდება 2012 წლიდან თსსუ-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის ერთობლივი პროექტის საფუძველზე. პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე დასავლური სტანდარტის სამედიცინო განათლების მიწოდებას. პროგრამის მიზანია, აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და კომპეტენტური ექიმი, რომელიც მზად არის დიპლომისშემდგომი განათლების მისაღებად როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. სასწავლო გეგმა სტუდენტს სწავლების ადრეულ ეტაპზე უვითარებს კლინიკურ და სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევებს. აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) მომზადება პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა დაფუძნებულია სწორედ USMLE – ის გამოცდების განათლების სისტემაზე, რაც გულისხმობს პროგრამის სტუდენტების მაღალ დონეზე მომზადებას.
რიმა ბერიაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი):
„აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის სტუდენტის მომზადება ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა იძლევა. სანამ პირველი შედეგი არ გამოჩნდება, შესაძლოა, ვერც გაიგო, საით წავიდა მთელი ის ძალისხმევა, რაც პროგრამის შემუშავებაზე და განხორციელებაზე დაიხარჯა: აკადემიური პერსონალის გაცვლა, ზაფხულის პრაქტიკა, ბევრი ახალი მეთოდის დანერგვა, ჰუმანიტარული საგნების სწავლება, რომელმაც თავიდანვე გამოიწვია კითხვები, რატომ სჭირდებოდათ მომავალ ექიმებს ანთროპოლოგია ან მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია ... კარგია, რომ ჩვენ არ შევეპუეთ და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მოთხოვნები ბოლომდე დავიცავით ....
ამ ძალისხმევის ინდიკატორია სწორედ ის, რომ თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველმა სტუდენტებმა მაღალი ქულები მოიპოვეს. ჩვენი სტუდენტების წარმატებული შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ სწორი კურსით მივდივართ, რომ პროგრამა შესრულებადი და დაძლევადია. ასეთი შედეგებით, ვფიქრობ, კონკურენციას უკვე ევროპის უნივერსიტეტებსაც გავუწევთ“.
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე ამჟამად პირველი მიღების 18 წარჩინებული სტუდენტი განაგრძობს სწავლას. მათგან ხუთმა აშშ სალიცენზიო გამოცდების პირველი საფეხურის ჩაბარება სწავლის ადრეულ ეტაპზე, მეოთხე კურსის პირველ სემესტრში გადაწყვიტა. აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის პირველ საფეხურზე აპლიკანტი მხოლოდ ერთხელ დაიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტს მიღებული რეიტინგის და ქულის გაუმჯობესების მეორე შანსი აღარ ეძლევა.
ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო გამოცდის პირველი საფეხურის ქულას რეზიდენტურაში მოსახვედრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამედიცინო გამომცდელთა ეროვნული საბჭო (National Board of Medical Examiners-ი) გამოცდის საშუალო ქულას რამდენიმე წელიწადში ერთხელ ადგენს. წელს ეს ქულა 229-ით იყო განსაზღვრული, სტანდარტული დევიაცია კი - 20-ით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მინიმუმ 192 ქულის მიღების შემთხვევაში. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ძალიან კარგი შედეგები მიიღეს. მაგალითად, ერთ-ერთი სტუდენტის, ნოდარ მაისურაძის საგამოცდო ქულა, რომელიც 261-ით შეფასდა, მსოფლიო მასშტაბით გამოცდაზე გასულთა 94.5%-ზე უკეთესი შედეგია.
არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი):
ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი სტუდენტების აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის პირველი საფეხურის შედეგები თსსუ-ის წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ამაყობს მიღწეული შედეგით და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაში ნერგავს საქართველოსთვის ინოვაციური კლინიკური სწავლების, „კლერკშიფის“ ამერიკულ მოდელს.
ეკა ეკალაძე (თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, პროფესორი):
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა უკვე მეოთხე წელია, წარმატებით
ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, იძლევა შანსს არა მხოლოდ მსოფლიო სამედიცინო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სამედიცინო კადრის მომზადებისა, არამედ უზრუნველყოფს სტუდენტის აღჭურვას ყველა იმ უნარ-ჩვევით, რაც აშშ სალიცენზიო გამოცდების ჩასაბარებლადაა საჭირო. სწორედ ემორის სამედიცინო სკოლისა და თსსუ-ის ნაყოფიერი შრომის შედეგია ჩვენი პროგრამის მეოთხე კურსელების ბოლოდროინდელი მიღწევა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დიდ წარმატებას და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია!
ნოდარ მაისურაძე (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის IV კურსის სტუდენტი):
„ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას და USMLE კლასის მასწავლებლებს, რომლებიც ორნახევარი წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ და მაძლევდნენ უამრავ რჩევას. ბევრი თვლის, რომ USMLE-ის პირველი საფეხური აშშ რეზიდენტურის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გამოცდის დროულად და მაღალ ქულაზე ჩაბარება ამერიკულ რეზიდენტურაში მოხვედრის ერთ-ერთი წინაპირობაა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის პირველ საფეხურზე გასვლას მეშვიდე სემესტრის შემდეგ. პროგრამა მაქსიმალურად უწყობს სტუდენტს ხელს გამოცდის დროულად და წარმატებით ჩაბარებაში. პროგრამაზე ფუნქციონირებს ე.წ. USMLE - კლასი, რომელსაც ის პედაგოგები ატარებენ, ვისაც თავად აქვთ აშშ სალიცენზიო გამოცდები წარმატებით ჩაბარებული. ისინი ინდივიდუალურად ეხმარებიან ყველა სტუდენტს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების ამერიკაში გაგრძელება.“
ნიკოლოზ ბოსტაშვილი (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის IV კურსის სტუდენტი):
„როგორ ჩავაბარე USMLE-ი გამოცდის პირველი საფეხური წარმატებით? - პირველი, რაც გავიაზრე, რატომ ვაკეთებდი ამას. დავრწმუნდი, რომ მზად ვიყავი, ამასთან, ყოველდღიური ცხოვრებიდან რაღაცები დავთმე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, გადაწყვიტო, როგორ აპირებ გამოცდისთვის მომზადებას. სწორედ აქ ერთვება თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მთელი თავისი შემადგენლობით და პედაგოგებით, რომელთაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული აშშ რეზიდენტურის გამოცდების ყველა ეტაპი. შენ აგროვებ მათგან რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, სასწავლო მასალას და ადგენ საკუთარ გეგმას. მესამე და ყველაზე რთული ეტაპია, სისტემატიური სწავლის პროცესი. ლექციები და სემინარები მნიშვნელოვნად გეხმარება ცოდნის მიღებაში, მაგრამ გულმოდგინედ მეცადინეობა სახლშიცაა საჭირო. ეს ის საფეხურია, როდესაც იწყებ იმის შეყვარებას, რასაც აკეთებ, სხვანაირად ძნელია თავი აიძულო.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის სწორად გამოყენება“.
თამარ თამარაშვილი (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის IV კურსის სტუდენტი):
„ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა USMLE -ის პირველი საფეხური, რომელიც საშუალებას მომცემს მომავალში რეზიდენტურა გავიარო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უამრავი წიგნია, რომლის დახმარებითაც შეგიძლია მოემზადო გამოცდისთვის, ყურადღება გაამახვილო ისეთ ფაქტებზე, რომლებიც არაა მნიშვნელოვანი, დაკარგო უამრავი დრო მასალის შერჩევაზე, ამიტომ , პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, სასწავლო ლიტერატურა სწორად შეარჩიო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. კერძოდ, თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო ყველა საჭირო მასალა.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ლექციებზე ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც გამოცდის ჩაბარებას გიადვილებს. სწავლების პროცესში ჩართულნი არიან თსსუ-ის ისეთი კურსდამთავრებულები, რომლებსაც თავად აქვთ ჩაბარებული აშშ სალიცენზიო გამოცდების ყველა საფეხური. მათი გამოცდილების გაზიარება და მათგან რჩევების მიღება ძალიან დამეხმარა.
რა თქმა უნდა, გზა სალიცენზიო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისკენ არ არის ადვილი. წინ USMLE -ის მეორე გამოცდა მელის. პირველ გამოცდაზე მიღებული შედეგი მაფიქრებინებს, რომ ნამდვილად ღირს დასახული მიზნებისთვის ბოლომდე ბრძოლა“.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეოთხე კურსის რამდენიმე სტუდენტი აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლას და მაღალი ქულების მოპოვებას უახლოეს პერიოდში შეეცდება.