ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამის 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და უნივერსიტეტის პროფესორებმა მიულოცეს. სასწავლო წლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა: “ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენს წინაშე, მით უმეტეს, ახალი სტუდენტების წინაშე დგომა, როგორც, პირველ რიგში, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების იმ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რომელზეც დღეს შეაბიჯეთ. დაგიფასდათ უდიდესი შრომა, რომელიც გაწიეთ, რათა დღეს ასე ლამაზად, თეთრ ხალათებში აქ მდგარიყავით. აქვე გეტყვით, რომ არ არსებობს წარმატება უდიდესი შრომის გარეშე. იშრომეთ, თქვენს გვერდით არის უნივერსიტეტი, თქვენს გვერდით არის ძალიან დიდი ჯარი უცხოელი სპეციალისტების და პირველ რიგში, ადგილობრივი პროფესორების, რომლებიც იმუშავებენ თავგანწირვით თქვენთან ერთად, რომ მიაღწიოთ იმ უდიდეს მიზანს, რომლისთვისაც ილტვით. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!” საზეიმო შეხვედრაზე შესრულდა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნები. სტუდენტებმა მომავალი წინსვლისა და ოცნებების ასრულების ნიშნად ცაში ცისფერი და თეთრი ბუშტები გაუშვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტები ფაკულტეტის ხელმძღვანელ პირებსა და პროფესორებს შეხვდნენ, ისაუბრეს სასწავლო პროცესისა და მომავალი პროფესიის შესახებ. რიმა ბერიაშვილი (თსსუ-ს ვიცე-რექტორი, პროფესორი): „ჩვენ რამდენიმე ფაკულტეტი გვაქვს, მაგრამ ვისაც კლინიცისტი უნდა იყოს და აირჩია მედიცინა, ამ პროფესიის განსაკუთრებულობა არ უნდა დაავიწყდეს. მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ შეიძლება ცხოვრებაში არაერთხელ დადგეს მომენტი, როცა ადამიანის სიცოცხლე მის პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამა ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რადგან მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლებასთან ერთად, მათ ამერიკის რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებისათვის აუცილებელი ატრიბუტიკით აღჭურავს. სალიცენზიო გამოცდების დადგენილი სტანდარტები - ეს მიღებული სტანდარტია, რომელსაც იზიარებს სრულიად ევროპა, დიდი ბრიტანეთი... უნიფიცირებული სტანდარტები სწორედ ამერიკული გაიდლაინების მიხედვით დგება. აქედან გამომდინარე, ვინც ქართულ-ამერიკულ პროგრამაზე წარმატებული სტუდენტია, უკვე წარმატებულია სრულიად სამყაროში. ვულოცავ ყველა პირველკურსელს სწავლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ! მუშაობაც ბედნიერებაა, როცა იცი, როგორ იმუშავო, სწავლაც ბედნიერებაა, როცა იცი, რომ უნდა შეიმეცნო და საერთოდ, - პროფესიონალიზმი ბედნიერებაა“. ეკა ეკალაძე (US MD პროგრამის დირექტორი): „სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით – პირველკურსელებს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს. ერთი მხრივ, ლოგიკურია, რომ ჩვენს პროგრამაზე მოთხოვნილება გაიზარდა (წელს 50 პირველკურსელი დარეგისტრირდა), ამავე დროს ვართ ძალიან ამაყნი, რომ თსსუ–ში ამ პროგრამის ფარგლებში ამერიკული სტანდარტების დანერგვის საშუალება გვეძლევა და ამ საქმეში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა გვაქვს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს სწავლის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ ყველანი ვიამაყებთ მათი წარმატებებით!“ ქართულ-ამერიკული ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებმა დღეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ანია თალაკვაძე : „ყოველთვის მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. მოსკოვში ვცხოვრობდი, თუმცა ჩემმა ოჯახმა, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ქართულ-ამერიკული პროგრამის 6 წელი უდიდესი შესაძლებლობაა. დარწმუნებული ვარ, შევიძენ იმ ცოდნას, რომელიც ექიმს პროფესიის საწყის ეტაპზე სჭირდება“. ალექსანდრე ერისთავი:„ სწავლის გაგრძელება უცხოეთში მსურს, სწორედ ამიტომ ავირჩიე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა. 7 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე. მკურნალი ექიმის პროფესიონალიზმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მან განაპირობა ჩემი სამომავლო არჩევანი - გავხდე ძლიერი ტრავმატოლოგი. მიხარია, რომ ქართულ-ამერიკული ფაკულტეტის დიპლომი უცხოეთში კარს ადვილად გამიხსნის. გარკვეული გამოცდილების შემდეგ, საბოლოოდ, მაინც საქართველოში მსურს დავმკვიდრდე როგორც შემდგარი მედიკოსი, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში თავის წვლილს შეიტანს“. ლეა ტომასი: „საქართველოში ინდოეთიდან ჩამოვედი. თსსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტს მომავალი ექიმისთვის აუცილებელი სასწავლო პროგრამა აქვს. ისტორია, ანთროპოლოგია, - ეს ყველაფერი საინტერესოა. მინდა, პროფესიონალი ონკოლოგი გავხდე და კარიერა ამერიკაში ან ჩემს სამშობლოში ავიწყო“. ანჯელი რამიში: „პედიატრის კარიერა ავირჩიე და სწავლა საქართველოში, თსსუ-ს ქართულ-ამერიკულ პროგრამაზე გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს დიდ მედიცინაში მსოფლიოს მასშტაბით თავის დამკვიდრების პერსპექტიული გზაა“. ლევან კურტანიძე: „დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამა საქართველოში საუკეთესო სამედიცინო პროგრამაა. საუკეთესო გაცვლითი პროგრამები აქვს ამერიკაში. ვაპირებ, ამ 6 წლის მანძილზე აქტიურად გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა გვთავაზობს“. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველკურსელებს პროგრამაში სწავლის საკუთარი გამოცდილება და აშშ-ში ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის ჰოსპიტალში მიღებული ცოდნის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს უფროსმა მეგობრებმა: ქეთი ობოლაშვილი (III კურსის სტუდენტი): „ვულოცავ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწებას და ვურჩევ, ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენონ, რასაც US MD გვთავაზობს: არ გამოტოვონ BAD-ის (Become a Doctor -"გახდე ექიმი") კლასები და აუცილებლად იარონ კლინიკებში. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდე კარგ ექიმად, საჭიროა მუდმივად შეიგრძნობდე კლინიკის აურას და დადიოდე როტაციებზე, - ამის საშუალებას კი ჩვენი ფაკულტეტი ნამდვილად გვაძლევს. US MD-მ მომცა შანსი სწავლის პირველივე კურსზე შემეგრძნო, როგორი გარემო სუფევს კლინიკაში და რა ხდება ნამდვილ საოპერაციოში. ამ გამოცდილებებმა პროფესიასთან დაკავშირებით ჩემი არჩევანის სისწორეში დამარწმუნა. US MD არის ერთი პატარა ოჯახი , სადაც მუდმივად ვგრძობთ ჩვენი კურატორების მზრუნველობას. ერთი წლის წინ მომეცა შანსი, წავსულიყავი ატლანტაში და მიმეღო მონაწილეობა კლინიკურ როტაციებზე გრეიდის ჰოსპიტლის სხვადასხვა დეპარტამენტში.“ ნიკოლოზ ბოსტაშვილი (III კურსის სტუდენტი): „ზუსტად არასდროს გადამიწყვეტია, როგორ უნდა ვმართო ჩემი სამომავლო გეგმები. შეცდომის დაშვება და არასწორი სამომავლო გზის არჩევა ადვილი იყო სკოლის პერიოდში. ახლა ვფიქრობ, რომ ზუსტად მეცოდინებოდა მაშინ, რომელი პროგრამის არჩევა შემეძლო, თუ მექნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც დიპლომიებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე USML-ის გამოცდების მზადების დროს შევაგროვე. ამ პროგრამის საუკეთესო მხარე არის ის, რომ ხვდები გასაოცარ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგად აქვთ ჩაბარებული გამოცდები და აცნობიერებ, რომ ეს შენც ისევე შეგიძლია გამოგივიდეს, როგორც მათ. ვერასდროს წარმომდეგინა, რომ კითხვა „როდის იწყება არდადეგები“ ჩემს ცხოვრებაში შეიცვლებოდა შეკითხვით - „როდის იწყება სწავლა“. ეს ყველაფერი კი პროგრამისა და იმ პროფესიონალების დამსახურებაა, რომელთაც მედიცინით დამაინტერესეს. არასდროს ვყოფილვარ იძულებული, დავმჯდარიყავი და მემუშავა, პირიქით ახლა საკმაოდ დიდი სიამოვნებით ვზივარ და ვსწავლობ ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ისინი, რომელთაც ეს გზა უკვე განვლეს.“ ნიკოლოზ ქარაზანაშვილი (II კურსის სტუდენტი): „გილოცავთ სწავლების პირველ წელს როგორც სამედიცინოს სტუდენტებს. მოგეხსნებათ, მედიცინა არის სფერო, სადაც უნდა იყო ძალიან კარგი იმაში, რასაც გააკეთებ, რადგან როგორც მომავალ მედიკოსებს, დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ ჩემი რჩევაა, იშრომოთ და არ დაკარგოთ დრო. გარდა ამისა, წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ შანსი, ეწვიონ გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალს და ემორის უნივერსიტეტს, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მოგცემთ პროფესიაში. პირადად ჩემთვის, ეს შესაძლებლობა უსაზღვრო მოტივაცია აღმოჩნდა, მემუშავა გულმოდგინედ და შემეძინა ბევრი საინტერესო რამ. მივიღე ახალი ცოდნა: ვისწავლე მრავალი სამედიცინო ტერმინი და ავითვისე ახალი უნარები (CPR, გუნდური მუშაობა, პაციენტის ისტორიის ჩაწერა და სხვა). მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიე ერთი წლის წინ ეს პროგრამა, იყო ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერა, სპეციალური კურსები, რომელიც დამეხმარებოდა, მოვმზადებულიყავი USMLE-სთვის და ასევე, შანსი, მენახა მედიცინა შეერთებულ შტატებში. ჩემი მიზანია, გავხდე ექიმი. ვგეგმავ, რეზიდენტურის აშშ-ში გავლას და შესაძლოა, ნეირომეცნიერების განხრით სამეცნიერო კვლევის სფეროში ჩართვას. ვფიქრობ, ჩემი შრომითა და შედეგებით ეს პროგრამა გახდება ჩემს კარიერაში მიღწევების მყარი საფუძველი." თამარ პაპიძე (II კურსის სტუდენტი) : „ერთი თვის წინ აშშ-ში ვიმყოფებოდით. გავიარეთ პრაქტიკები გრეიდის ჰოსპიტალში, ასევე ლექციები გვიტარდებოდა ემორის უნივერსიტეტში. პრაქტიკაზე სხვადასხვა განყოფილებებში ვიყავით განაწილებული: ნეფროლოგია, კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა. ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის გაცვლითი პროგრამა მომავალში მედიცინაში სასურველი დარგის არჩევაში დაგვეხმარება. პირველ კურსელებს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას და მე, როგორც უკვე ამ პროგრამის მეორე კურსელი, ვურჩევ, დრო არ დაკარგონ და პირველივე დღიდან ბეჯითად შეუდგნენ სწავლას“. ნიკოლოზ კურტანიძე (II კურსის სტუდენტი): „ჩვენთვის პრიორიტეტულია ამერიკული მედიცინის სისტემა. ამ პროგრამის მთავარი მიზანი კი სწორედ ამერიკული სტანდარტების განათლების მიღების შესაძებლობაა. რეიტინგში პირველებს უნივერსიტეტი აშშ-ში, ემორიში 1 თვიან პრაქტიკებს უფინანსებს, რაც სტუდენტისთვის დამატებითი მოტივაციაა“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის სამედიცინო სკოლის კურიკულუმზეა დაფუძნებული. სტუდენტების კლინიკურ საქმიანობაში ადრეული ჩართვა პროგრამის ერთ–ერთი ძირითადი მიზანია. სწორედ ამიტომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში იმყოფებოდნენ, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. “გახდი ექიმი” სასწავლო კურსის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები შეერთებულ შტატებში 2015 წლის 8 აგვისტოს გაემგზავრნენ. 4 კვირის განმავლობაში ისინი ეცნობოდნენ სამედიცინო განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ამერიკულ სისტემას. არჩილ უნდილაშვილი (დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი) : „დღეს უკვე მესამედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა კარს უღებს სტუდენტების ახალ ნაკადს. ჩვენი პროგრამა, როგორც მოგეხსენებათ, არის ამერიკულ, კერძოდ, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამაზე დაფუძნებული. ინგლისურენოვანი სწავლება და სტრუქტურა ეხმარება საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination - USMLE) ორივე საფეხური ეტაპობრივად. ჩვენი პროგრამა განსხვავებულია იმით, რომ კლინიკური საფუძვლები ისწავლება უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე დღიდან . სტუდენტებისთვის დავნერგეთ ადრეული კლინიკური პრაქტიკა ემორის უნივერსიტეტის სხვადასხვა კლინიკებში მას შემდეგ, რაც ისინი პირველ კურსს დახურავენ. რამდენიმე დღის წინ სტუდენტების მეორე ნაკადი დაბრუნდა აშშ-დან. სტუდენტებმა გაიარეს ერთ თვიანი პრაქტიკა გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში და დაესწრნენ ლექციებს ემორის სამედიცინო სკოლაში. ახლა ისინი წარმატებით შეუდგნენ სწავლას ამერიკული პროგრამის მეორე კურსზე. ემორიში სასწავლო ზაფხულის გატარების საშუალება ექნებათ ახლადმიღებულ სტუდენტებსაც. გვინდა, პირველ კურსელებს მივულოცოთ ცხოვრების ამ უდიდეს ეტაპზე გადასვლა და წარმატებები ვუსურვოთ!“